18 მაისს იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის ინიციატივის ფორმატში ქუთაისი უმასპინძლებს ქართველ და სომეხ მწერალ ქალთა კულტურულ დიალოგს.
პროექტი Re-Lentus-ი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ქალი ხელოვანებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეების აღიარებას, მათი საქმიანობის პოპულარიზაციასა და ქართულ-სომხური კულტურული დიალოგის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
წლევანდელი ღონისძიება თავს მოუყრის ერთად მწერლებს, გამომცემლებსა და ლიტერატურულ აგენტებს.
სომხეთიდან მოწვეული მონაწილეები პროექტს ქუთაისში, იუნესკოს ლიტერატურის ქალაქში შემოუერთდებიან, რათა კიდევ უფრო გააღრმაონ სომხეთსა და საქართველოს შორის დიდი ხნის წინ დაწყებული ლიტერატურული დიალოგი, განიხილონ თანამედროვე სომხურ ლიტერატურაში რეგიონული ომებისა და კონფლიქტების ასახვა, გაგვაცნონ სომხური ლიტერატურის მსოფლიო მასშტაბით წარმოჩენის ახალი ჰორიზონტები და პერსპექტივები. დღევანდელი სომხური ლიტერატურის ტენდენციები განხილული იქნება ჩვენი სტუმრების პირად გამოცდილებასა და პროფესიულ საქმიანობაზე დაფუძნებით.
პროექტის ორგანიზატორები არიან: კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია (საქართველო) და კულტურული და სოციალური ნარატივების ლაბორატორია (სომხეთი) ახალი დემოკრატიის ფონდის პროგრამის ფარგლებში დანიის კულტურის ინსტიტუტის მხარდაჭერით. წელს პროექტის მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტი.