ქუთაისი, რომლის ისტორია 3500 წელზე მეტს ითვლის, ლიტერატურული და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრია. 2023 წლის 31 ოქტომბერს ქალაქი ოფიციალურად შეუერთდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს, როგორც იუნესკოს ლიტერატურის ქალაქი.

უძველესი ისტორიის ქალაქი

არქეოლოგიური კვლევებით ირკვევა, რომ ქალაქი კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი იყო ძვ. წ. VI-V საუკუნეებში. შუა საუკუნეებში, X საუკუნიდან XII საუკუნემდე კი ქუთაისი იყო საქართველოს სამეფოს დედაქალაქი. ქალაქი და მისი შემოგარენი მდიდარია შუა საუკუნეების არქიტექტურული შედევრებით: ბაგრატის ტაძარი, მოწამეთას მონასტერი, გეგუთის კომპლექსი და და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გელათის სამონასტრო კომპლექსი.

სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრები

გელათის აკადემია დაარსდა 1106 წელს და გახდა შუა საუკუნეების ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო-სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. აკადემიას ჰქონდა სკრიპტორიუმი, სადაც მონასტრის მწიგნობრები ქმნიდნენ და გადაწერდნენ ხელნაწერებს. აკადემიაში შექმნილ წიგნებს შორის ყველაზე ცნობილია  XII საუკუნის სახარება, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის უძველესი მულტიდისციპლინარული უმაღლესი სასწავლებელი იმერეთის რეგიონში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ცხრა ფაკულტეტი დაახლოებით 12000 სტუდენტით და განსაკუთრებული ადგილი უკავია ლიტერატურის მიმართულების პროგრამებს ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის დონეზე. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მუშაობს ხელოვნებისა და კულტურის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაზე.

ქართული ავანგარდის ცენტრი

ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და მწერალთა შემოქმედებითი ჯგუფი სახელად „ცისფერყანწელები“ ქ. ქუთაისში  1916 წელს  დაარსდა. იმ პერიოდის ქუთაისი იყო ქართული ავანგარდის ცენტრი. ახალგაზრდები კედრის ხესთან „ოქროს ჩარდახში“ ატარებდნენ პოეზიის საღამოებს. „ცისფერყანწელების“ გაერთიანებაში იყვნენ ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, ალექსანდრე არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი, შალვა კარმელი (გოგიაშვილი) და სხვები.  ახალგაზრდა ხელოვანთა დიდი ნაწილი საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1919 წლის თებერვალში ცისფერყანწელებმა ქუთაისში გამოსცეს პირველი ლიტერატურული ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“.

კულტურის ინსტიტუციები

ქალაქი განთქმულია სახელოვნებო ინსტიტუციებით, როგორიცაა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, სპორტის ისტორიის მუზეუმი, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სამხატვრო გალერეა, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი და ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიული მუზეუმი, სადაც დაცულია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ხელნაწერთა  კოლექცია (728 ხელნაწერი წიგნი და 65 000-მდე ისტორიული დოკუმენტი), ასევე ქუთაისში მოღვაწე ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პირადი არქივები.

ბიბლიოთეკები და გამომცემლობები

პირველი სამეფო სტამბა ქუთაისში 1800 წელს დაარსდა.  იმ ეპოქის ცნობილმა გამომცემელმა ისიდორე კვიცარიძემ შექმნა გამომცემლობა და პრესის გამავრცელებელი ოფისები „კოლხიდა“ და „იმერეთი“, სადაც ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. საბჭოთა ოკუპაციამდე (1921) ქალაქში 2000 წიგნი გამოიცა.

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკაა, რომელიც დაარსდა 1873 წელს. დღეს ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს 17 განყოფილება და 14 ფილიალი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაარსდა 1933 წელს და კოლექციების მიხედვით  ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკაა საქართველოში. ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულია XIX-XX საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ცნობილი ადამიანების მოღვაწეობის დოკუმენტაცია.

ქალაქს აქვს 6 გამომცემლობა და ლიტერატურის სფეროსადმი მიძღვნილი 6 სხვადასხვა პერიოდული ჟურნალი: “განთიადი”, “მწვანეყვავილა”, “მერმისი”, “უქიმერიონი”, “თეთრი ხიდი” და “აპინაჯი”.

დიდი სახელები, ტრადიციები და ახალი გამოწვევები

ქუთაისი იყო ლიტერატურული და კულტურული გავლენის ცენტრი, სადაც სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდნენ ევროპის მასშტაბით ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო XIX საუკუნე ისეთი დიდი ფიგურებით, როგორიც იყო აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და კირილე  ლორთქიფანიძე.

XX საუკუნე იყო დიდი ძვრების პერიოდი, ძველი ლიტერატურული ტრადიციების გადაფასებით და ახალი ფორმების ძიებით ასპარეზზე გამოდიან „ცისფერყანწელები“. უდიდესი როლი უკავია გალაკტიონ ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძის, სამსონ ფირცხალავას, დავით კლდიაშვილის და ნიკო ლორთქიფანიძის, მოგვიანებით კი რევაზ გაბრიაძის, რეზო ჭეიშვილის და ოტია იოსელიანის შემოქმედებას, რომელთაც დიდ კვალი დატოვეს ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში.

XXI საუკუნემ ქუთაისში ახალი ესთეტიკა მოიტანა. იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსი შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის, საგანმანათლებლო, კვლევითი პროგრამებისა და დარგთაშორისი თანამშრომლობის განსახორციელებლად ქალაქის ლიტერატურული ტრადიციების პოპულარიზაციისთვის.

Kutaisi Opera House