ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მდიდარი ლიტერატურული ტრადიციებით. მას 2023 წელს იუნესკოს ლიტერატურული ქალაქის სტატუსი მიენიჭა. წელს იუნესკოს ეგიდით ტარდება ქუთაისის I საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი – ქუთაისი: მითი და ლიტერატურა, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავებას.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ეს სამდღიანი ღონისძიება მნიშვნელოვანი კულტურული პლატფორმაა, რომელიც ქართველ და უცხოელ მკვლევრებს, მწერლებს, მთარგმნელებს და ლიტერატურის მოყვარულებს აერთიანებს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ლიტერატურულ დისკუსიებს, წიგნების პრეზენტაციებსა და კულტურულ ღონისძიებებს.
ქუთაისის I საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერთა შორის არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სწორედ ეს უმაღლესი სასწავლებლები უმასპინძლებენ ფესტივალის აკადემიურ პროგრამას, რომელიც ექვს ნაწილადაა წარმოდგენილი:
დისკუსია მრგვალ მაგიდასთან I – „ქუთაისი: მითოსური, ისტორიული, ლიტერატურული“ – განიხილავს ლიტერატურულ ქუთაისს ისტორიული განვითარების კონტექსტში: ანტიკური მითოლოგიითა და არქეოლოგიური მემკვიდრეობით დაწყებული, ცისფერყანწელების ეპოქით გაგრძელებული და ევროპელ მოგზაურთა თვალით დანახული ქუთაისით დასრულებული.
დისკუსია მრგვალ მაგიდასთან II – „ქართულ-დასავლური ლიტერატურული ურთიერთობები“ – მიზნად ისახავს ქართული ლიტერატურული პროცესების განხილვას მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში.
დისკუსია მრგვალ მაგიდასთან III – „ლიტერატურა და ინტერმედიალობა“ – დაეთმობა ლიტერატურის ურთიერთქმედებას ხელოვნების სხვადასხვა ფორმასთან: ვიზუალურ ხელოვნებასთან, კინოსთან, მუსიკასა და თეატრთან.
დისკუსია მრგვალ მაგიდასთან IV – „თარგმანი როგორც კულტურათა დიალოგი“ – ეძღვნება თარგმანის როლს ლიტერატურათა ურთიერთგამდიდრების საქმეში. განიხილება თარგმანი როგორც კულტურათშორისი მედიაციის ფორმა, ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე თარგმნის პრობლემები და პერსპექტივები, ასევე ქართული მთარგმნელობითი მემკვიდრეობა.
დისკუსია მრგვალ მაგიდასთან V – „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული ლიტერატურის წახნაგები“ – განიხილავს ქართული ლიტერატურის ძირითად ტენდენციებს XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე: შემოქმედებით ტრაგიზმსა და ჰეროიკას საბჭოთა ხანის იდეოლოგიური წნეხის ფონზე, გარდამავალი პერიოდის პიროვნული თავისუფლების ძიებასა და იდენტობის კრიზისს, ინოვაციისა და ტრადიციის ურთიერთმიმართების საკითხს პოსტმოდერნისტულ პროზაში.
დისკუსია მრგვალ მაგიდასთან VI – „ლიტერატურა ციფრული ტექნოლოგების ეპოქაში“ – ეძღვნება თანამედროვე ლიტერატურულ სიახლეებსა და ტენდენციებს, განიხილება ციფრული ეპოქის ლიტერატურა, ჰიპერტექსტი და პოსტ-დიგიტალური ტექსტუალობა, ლიტერატურისა და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთმიმართება, ასევე იდენტობის ნარატივები თანამედროვე ლიტერატურაში.
