სიახლეები

საერთაშორისო სიმპოზიუმი „პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“

25 სექტემებერს ქუთაისი იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის ინიციატივების ფარგლებში იხსნება XVII საერთაშორისო სიმპოზიუმი „პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან: თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თანაორგანიზატორები არიან: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
XVII საერთაშორისო სიმპოზიუმი – ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები – წელს პირველად ტარდება საქართველოს რეგიონში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი – ქალაქი ქუთაისი – იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა ლიტერატურის მიმართულებით. აღნიშნული სტატუსის მინიჭება არის უდიდესი შესაძლებლობა ქუთაისისთვის, მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციაზე დაყრდნობით, შექმნას სრულიად ახალი კულტურული იდენტობა.
საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში ქართველ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორისაა კომპარატივისტული ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის (ICLA) პრეზიდენტი პროფესორი ლუჩია ბოლდრინი.
სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისა და სამეცნიერო დღისწესრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://conference.litinstituti.ge/ka/