2024 წლის 1-დან 5 ივლისამდე, პორტუგალიის ქალაქი ბრაგა მასპინძლობს იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ყოველწლიურ რიგით XVI კონფერენციას, რომელშიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 350 შემოქმედებითი ქალაქის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს ქალაქი ქუთაისი, როგორც იუნესკოს ლიტერატურის ქალაქი. ფორუმის ოფიციალური პროგრამის პარალელურად ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს სხვადასხვა შემოქმედებითი მიმმართულების აქტივობები.
ლიტერატურის ქალაქების ქსელის ორგანიზებით ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე მოწყობილია მოძრავი ბიბლიოთეკები, სადაც წარმოდგენილია ლიტერატურის ქალაქების საბავშვო გამომცემლობების ილუსტრირებული წიგნები. მოძრავ ბიბლიოთეკებში წარმოდგენილია როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ავტორების საბავშვო წიგნები. მოძრავი ბიბლიოთეკების ირგვლივ ეწყობა საგანმანათლებლო პროგრამები სხვადასხვა ასაკის მოზარდებისათვის.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ ბრაგის კონფერენციაზე გაგზავნილი იქნა ქართული საგამომცემლო სახლების მიერ დაბეჭდილი ზღაპრები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. ერთ-ერთ საგანმანათლებლო პროგრამას გაუძღვა კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ელეონორა გოგოლაშვილი.