სიახლეები

ქუთაისი ლიტერატურის ქალაქი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების კონფერენციაზე

2024 წლის 1-დან 5 ივლისამდე, პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში გაიმართა UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ყოველწლიური რიგით XVI კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 350 შემოქმედებითი ქალაქის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისის დელეგაციამ.
2024 წლის UCCN ყოველწლიური კონფერენციის მიზანია ყურადღება გამახვილდეს იმაზე, თუ როგორ აძლიერებს ქალაქების შემოქმედებითობა მდგრად ურბანულ განვითარებას და ხელს უწყობს კულტურული მრავალფეროვნების გამოხატვას. ბრაგის კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა მუნიციპალური მმართველობის, საინვესტიციო ინიციატივებისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის განითარებისთვის.

დელეგატების შემადგენლობაში იყვნენ ქალაქების მერები, ვიცე-მერები, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულების ხელმძღვანელები, დამოუკიდებელი ექსპერტები, მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კულტურის ინსტიტუციების ხელმძღვანელები.

კონფერენციის ფარგლებში ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი შეხვდა იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეს კულტურის საკითხებში ერნესტო ოტონეს, ქალაქ ბრაგის მერს რიკარდო რიოს, Eurocities-ის აღმასრულებელ მდივანს ანდრე სობჟაკს, ქალაქ ლონდონის მერის მოადგილეს იუსტინ საიმონსს და აიოვას მერს ბრიუს თიგს.
კონფერენციის ფარგლებში ქუთაისის მერმა მონაწილეობა მიიღო იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების მერების ფორუმზე, სადაც განიხილეს ქალაქების მდგრადი განვითარებისათვის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების როლის გაძლიერების ინსტრუმენტები.